Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს ადანაშაულებს ახალ კიბერთავდასხმებში


ჰაკერებმა, რომელთა სპონსორი რუსეთის სახელმწიფოა, სექტემბრის შემდეგ კიბერშეტევები განახორციელეს აშშ-ის ათობით სამთავრობო და საავიაციო ქსელის წინააღმდეგ. ამის შესახებ 22 ოქტომბერს განაცხადეს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ(FBI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ(CISA).

მათი ინფორმაციით, კიბერშეტევები განახორციელეს ჰაკერთა ჯგუფებმა, რომლებიც მოქმედებენ სახელებით: Berserk Bear, Energetic Bear, TeamSpy, Dragonfly, Havex, Crouching Yeti, Koala.

ფედერალური საგამოძიებო ბიურო და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტო კიბერთავდასხმის კონკრეტულ სამიზნეებს არ ასახელებენ. მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსმა ჰაკერებმა მონაცემების მოპარვა შეძლეს ორი სერვერიდან.

გამოცემა The New York Times-ი სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ჰაკერებმა წვდომა მიიღეს ზოგიერთ ფედერალურ და ადგილობრივ კომპიუტერულ ქსელზე და ეს შესაძლოა, ისევ გამოყენებული იყოს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

21 ოქტომბერს, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა მიიღეს წვდომა ამერიკელი ამომრჩევლების მონაცემებზე და შეუძლიათ გამოიყენონ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, ქაოსის შესაქმნელად და ამერიკული დემოკრატიის მიმართ ნდობის შესარყევად.

აშშ-ის სპეცსასახურების მიერ 2017 წელს ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG