Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბოლო დებატები გამართეს


აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ბოლო დებატები გამართეს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანდიდატებმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

განსხვავებით სექტემბრის ბოლოს გამართული პირველი დებატებისგან, როცა კანდიდატები ერთმანეთს სიტყვას ხშირად აწყვეტინებდნენ და შეურაცხყოფასაც აყენებდნენ, 22 ოქტომბრის დებატები შედარებით მშვიდი და ნაკლებად ემოციური იყო. დებატების წამყვანის, NBC-ს ჟურნალისტ კრისტენ უელკერის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისთვის განკუთვნილი ორი წუთის განმავლობაში მიკროფონი ჩართული ჰქონდა მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც შეკითხვას პასუხობდა.

დებატების პირველი თემა იყო კორონავირუსის პანდემია. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს კრიზისის დასაძლევად, სიტუაცია სტაბილური ხდება და რეგიონული მასშტაბის ეპიდაფეთქებები აღარ ფიქსირდება. ტრამპის თქმით, აქვთ ვაქცინა, რომლის შესახებაც უახლოეს კვირებში გამოცხადდება. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ კორონავირუსით თავადაც დაავადდა და გამოჯანმრთელდა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, წლის ბოლომდე კორონავირუსმა შესაძლოა, კიდევ 200 ათასი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა კრიზისზე არაადეკვატურ რეაგირებაში და თქვა, რომ ამის გამო, ქვეყანას ბნელი ზამთარი ელოდება. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს დააკისრა პასუხისმგებლობა კორონავირუსით 200 ათასზე მეტი ამერიკელის გარდაცვალების გამო და თქვა, რომ ის პრეზიდენტად არ უნდა დარჩეს. ჯო ბაიდენმა ილაპარაკა დამცავი ნიღბების მასობრივად გამოყენების და საყოველთაო სწრაფი ტესტირების აუცილებლობაზე. თავის მხრივ, ტრამპმა ბაიდენს ბრალი დასდო ეკონომიკის გაჩერების მცდელობაში, რასაც უამრავი უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების თემა იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიც. ერთი დღით ადრე აშშ-ის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი და ირანი შეეცდებიან აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევას.

ამ საფრთხის კომენტირებისას ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არჩევნებში ჩარევა ნებისმიერ ქვეყანას ძვირად დაუჯდება. ბაიდენის შეფასებით, ის რუსეთისთვის არამომგებიანი პრეზიდენტი იქნება, ამიტომ მოსკოვი უპირატესობას ანიჭებს ტრამპის პრეზიდენტობას.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს მისი დამარცხება სურს, რადგან მასსავით მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არავის ჰქონია. ტრამპმა მაგალითად მოიყვანა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციები და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.

დებატებისას დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი დაადანაშაულა იმაში, რომ ისარგებლა მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მიერ უკრაინაში წარმოებული არაკეთილსინდისიერი ფინანსური ოპერაციების შედეგებით. ეს ბაიდენმა უარყო და ტრამპს ბრალი დასდო რუსეთისა და ჩინეთისგან ფულის მიღებაში. დონალდ ტამპმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობისას რუსეთისგან ფულს ბაიდენი იღებდა.

დებატებისას პრეზიდენტობის კანდიდატებმა მკვეთრად განსხვავებული პოზიციები გამოხატეს რასიზმის პრობლემის, იმიგრაციის, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების, საგარეო პოლიტიკის და გლობალური დათბობის საკითხებზე.

დონალდ ტრამპმა ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა გამოიწვევს გადასახადების მომატებას და ეკონომიკური ზრდის შემცირებას. ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ამერიკელებმა უნდა აირჩიონ პრეზიდენტი, რომელიც ამერიკულ ფასეულობებს წარმოადგენს.

ბოლო გამოკითხვებით, ბაიდენი ტრამპს დაახლოებით 8%-ით უსწრებს. კომენტატორების პირველი რეაქციების თანახმად, კანდიდატების ბოლო დებატები ფრედ დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG