Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იწყება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში იწყება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება, რომელიც პასუხს 20 წუთში იძლევა.

იმნაძის განმარტებით, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაციაა, ამ სწრაფი ტესტირებისთვისაც ნაცხს ცხვირიდან იღებენ და მას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება.

„მსოფლიოში ორი ასეთია ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 150 ათასამდე ასეთი ტესტია და შეკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი.

ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტი COVID-19 ანტიგენის განსაზღვრისათვის არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში, SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.

გამოყენების სარგებელი:

მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალურად მოწყობილი ლაბორატორია;

საჭიროა მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება;

საკვლევი მასალა არის ცხვირ-ხახის ნაცხი, ან ნახველი;

შედეგი სახეზეა 10-15 წთ-ში (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით);

ღირებულება დაბალია, წარმადობა მაღალი;

ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღინიშნება.

სუსტი მხარეები:

ანტისხეულებთან შედარებით, ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ტესტირების დაავადების ადრეულ /ან გვიან ეტაპზე ჩატარება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 350 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9751.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან, საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 183 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG