Accessibility links

პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების მინისტრის მოადგილე, სავარაუდოდ, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ეფ-ეს-ბე“) მოადგილე სერგეი სმირნოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2003 წლიდან.


გარკვეული წყაროების ცნობით, სტაჟიანი მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის საქმეს, რაზეც 16 ოქტომბრის სტატიაში წერდა ბრიტანული „გარდიანი“.


სერგეი სმირნოვი რუსეთის უშიშროებაში კურირებდა რამდენიმე მნიშვნელოვან დანაყოფს, მათ შორის, სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს, რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ალექსეი ნავალნიზე განხორციელებულ თავდასხმასთან „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წყაროების ცნობით, სმირნოვის გათავისუფლების მიზეზი გახდა ზღვრული ასაკი. „მას შეუსრულდა 70 წელი და პენსიაში გადის ასაკის გამო“, - უთხრა ანონიმმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო РБК-ს.

ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით ცუდად გახდა თვითმფრინავში 20 აგვისტოს, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის მოათავსეს ომსკის საავადმყოფოში, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს. 7 სექტემბრამდე ის იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში.

23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი გამოწერეს კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან. იგი აცხადებს, რომ აპირებს რუსეთში დაბრუნებას.

ევროპის კავშირმა, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG