Accessibility links

HRW ბაქოს კვლავ ადანაშაულებს „საცხოვრებელ არეალებში“ კასეტური ბომბების გამოყენებისთვის, პომპეო სომხეთის და აზერბაიჯანის მინისტრებს ხვდება


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა (HRW) აზერბაიჯანს ბრალად დასდო საყოველთაოდ აკრძალული კასეტური ბომბების „განმეორებით“ გამოყენება მთიანი ყარაბაღის საცხოვრებელ არეალებში მას მერე, რაც სეპარატისტული რეგიონისთვის ომი გამწვავდა აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის გასული თვის ბოლოდან.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიაა, რომელსაც მიმდებარე მიწებთან ერთად ყარაბაღელი სეპარატისტები აკონტროლებენ და სადაც უპირატესად სომხური მოსახლეობაა. მთიანი ყარაბაღისთვის კონფლიქტი ითვლება პოსტსაბჭოთა ევროპის ყველაზე გაჭიანურებულ „გაყინულ კონფლიქტად“

Human Rights Watch-მა 23 ოქტომბერს დაასახელა ოთხი ასეთი ინციდენტი „ადგილზე ჩატარებული გამოძიების“ თანახმად. აზერბაიჯანიცა და სომხეთიც უარყოფენ კასეტური ბომბების გამოყენებას და ერთმანეთს ადანაშაულებენ ამ იარაღის მოხმარებაში. Human Rights Watch-მა, ამასთან, განაცხადა, რომ არ დადასტურებულა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის ბრალდება კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.

ბაქოს ეს ბოლო დადანაშაულება აკრძალული იარაღის გამოყენებაში მოხდა ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ცალ-ცალკე შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე.

ასეულობით ადამიანი შეეწირა 27 სექტემბრის შემდეგ დაწყებულ ცხარე ბრძოლებს, რომელთა გამო გაიზარდა საშიშროება, რომ კონფლიქტში შეიძლება ჩაერიონ აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე თურქეთი და რუსეთი, რომელიც რეგიონში საკვანძო ძალაა და რომელთანაც სომხეთს სამხედრო ხელშეკრულება აკავშირებს.

ოპტიმიზმი, რომ ვაშინგტონის შეხვედრა ბოლოს დაუდებდა საბრძოლო მოქმედებებს, განელდა 22 ოქტომბერს, როცა ორივე მხარემ განაახლა ბრძოლები და ლიდერებმა ბაქოსა და ერევანში გაამძაფრეს პოზიციები, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი შეთანხმებისა, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო და მალევე დაირღვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG