Accessibility links

"ლელოს" კანდიდატი თავდამსხმელს ჩაბარებას ურჩევს და ფულით სოფლებში წისქვილების გაკეთებაზე საუბრობს


"ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და აბაშაში, თამარ ბელქანია თავდამსხმელს, რომელმაც ორი დღის წინ ზუგდიდში მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო, ჩაბარებისკენ მოუწოდებს. კანდიდატმა მისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა და წაღებული ფულის მის სამაჟორიტარო სოფლებში წისქვილების აშენებისკენ მიმართვაზე ისაუბრა.

"მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და ის ფული, რომელიც ჩვენგან წაიღო, მოხმარდეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში - ყველა სოფელში წისქვილის გახსნას", - ამბობს ბელქანია მიმართვაში.

ბელქანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი მიმართვა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი - დამნაშავისკენ არის მიმართული და მას ჩაბარებას ურჩევს, მეორე ნაწილში კი - პოლიტიკური პერფორმანსი სახელმწიფოს მიმართ.

"ამდენი ხანია დავდივარ ეზო-ეზო, შუკა-შუკა და აღმოვაჩინე, რომ ტყუილად ჰყავდა ამ ხალხს ამდენი ხანი პარლამენტში მაჟორიტარი. ერთადერთი, რაც ამ ხალხს უნდა, როგორმე იქნებ წისქვილი აუშენონ, რომ ღომი მაინც ჭამონ ჩაისთან", - ამბობს ბელქანია.

მისი თქმით, ის არჩევნების წაგების შემთხვევაშიც კი რამდენიმე სოფელს წისქვილის გაკეთებას ჰპირდება.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG