Accessibility links

logo-print logo-print

ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრების ფონზე მთიანი ყარაბაღის გარშემო ბრძოლები გრძელდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ კომპეო და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი სახელმწიფო დეპარტამენტში, ვაშინგტონში, 2020 წლის 23 ოქტომბერს

აზერბაიჯანის და ეთნიკური სომხების ძალები 23 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის რამდენიმე არეალში განაგრძობენ ბრძოლას ვაშინგტონში დაწყებული მოლაპარკების ფონზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.

საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიებისთვის მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა 27 სექტემბრიდან. რეგიონს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ 1990-იანი წლების ომის შემდეგ.

10 და 17 ოქტომბერს რუსეთის შუავალობით მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შედეგი არ გამოიღო. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის განახლებასა და სამოქალაქო ობიექტების და დასახლებული არეალებისთვის ცეცხლის დაშენაში.

ვაშინგტონის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) აზერბაიჯანს ბრალად დასდო საყოველთაოდ აკრძალული კასეტური ბომბების „განმეორებით“ გამოყენება მთიანი ყარაბაღის საცხოვრებელ არეალებში. ორივე მხარე უარყოფს ურთიერთბრალდებას კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.

როიტერსის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდა და ესაუბრა მაიკ პომპეოს 40 წუთის განმავლობაში. აზერბაიჯანელი მინისტრის წასვლის შემდეგ პომპეოსთან შესახვედრად მივიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

ვაშინგტონის მოლაპარაკების წინ, იტყობინება როიტერსი, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რეპორტიორებს უთხრა სტამბოლში, რომ იმედოვნებს, რომ მოსკოვი და ანკარა შეძლებდნენ ერთად ემუშავათ კონფლიქტის მოგვარებისთვის. ერდოანმა კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობის სურვილი გაიმეორა და თქვა, რომ თურქეთს ისეთივე უფლება აქვს, მშვიდობის მიღწევაში იყოს ჩართული, როგორც რუსეთს.

თურქეთი მხარდაჭერას უცხადებს ბაქოს. რუსეთს სომხეთთან თავდაცვითი ხელშეკრულება აკავშირებს.

ოპტიმიზმი, რომ ვაშინგტონის შეხვედრა ბოლოს დაუდებდა საბრძოლო მოქმედებებს, განელდა 22 ოქტომბერს, როცა ორივე მხარემ განაახლა ბრძოლები და ლიდერებმა ბაქოსა და ერევანში გაამძაფრეს პოზიციები მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი შეთანხმებისა, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, თუმცა მალევე დაირღვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG