Accessibility links

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაინფიცირების შემთხვევების თითქმის 90% მსუბუქია


„საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. კოვიდსასტუმროებში და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ის განმარტავს, რომ ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც საქართველოში. შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. მისი სიტყვებით, მთავარია, სიტუაცია ამ ეტაპზე მართვადია.

„გრიპის დროს ხომ გვაქვს ხოლმე ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებითაც“.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მთავარი ახლა არის ის, რომ დადგენის შემდეგ, როცა სიმპტომები ვლინდება, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პირის იზოლირება, რადგან ეს რესპირატორული ინფექცია სწრაფად ვრცელდება, გადადის ადამიანისგან ადამიანზე.

ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებუბლი სიფრთხილისკენ მოუწოდა ექიმებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

„სამედიცინო პირობებში აუცილებელია ინფექციის კონტროლის ყველა ღონისძიების დაცვა, რომ მინიმალურად იყოს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები, რადგან სამედიცინო პერსონალის რესურსი ქვეყანაში ამოუწურავი არასოდეს არ არის, არც ერთ ქვეყანაში”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG