Accessibility links

აშშ-მა რუსეთის ინსტიტუტს სანქციები დაუწესა კიბერთავდასხმასთან კავშირისთვის


ქიმიისა და მექანიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მოსკოვში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეზღუდვები წესდება „ამერიკის მტრების მიმართ სანქციების მეშვეობით წინააღმდეგობის“ კანონის მიხედვით.

სანქციების სიაში ინსტიტუტის შეტანას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ასაბუთებს 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობქიმიურ ქარხანაზე კიბერთავდასხმით, რომელთანაც, ვაშინგტონის თანახმად, რუსეთის ინსტიტუტს ჰქონდა კავშირი.

აშშ-მა დაადგინა, რომ მოსკოვის ინსტიტუტს კავშირი ჰქონდა მავნე პროგრამა Triton-ის შექმნასთან, რომელიც ცნობილია როგორც TRISIS-ი და HatMan-ი.

პროგრამა საგანგებოდ შეიქმნა სამრეწველო უსაფრთხოების სისტემებზე თავდასხმისა და მათი მანიპულაციისთვის. ასეთი სისტემები პასუხისმგებელია წარმოების უსაფრთხო ავარიული გათიშვისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, კიბერექსპერტების თანახმად, Triton-ი „ყველაზე სახიფათოა ცნობილ საფრთხეებს შორის“.

„რუსეთის მთავრობა განაგრძობს სახიფათო კიბეროპერაციებს, რომლებიც აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგაა მიმართული“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებაში. „ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აგრესიულად დაცვას ყველასგან, ვინც მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს“.

უკანასკნელ წლებში ჰაკერებმა Triton-ი გამოიყენეს აშშ-ის პარტნიორების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში, ასევე მისი მეშვეობით გადაიღეს და შეისწავლეს ობიექტები აშშ-ის ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG