Accessibility links

უკრაინაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება


უკრაინაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები ტარდება. ჩვეულებრივ ამ დონის არჩევნები დიდ ყურადღებას არ იპყრობს ხოლმე, ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული მმართველობის ვერტიკალური სისტემა.

მაგრამ ამჟამინდელ არჩევნებს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვარაუდობენ, რომ ის აჩვენებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ როლის საგრძნობ შემცირებას. პარტია ძირითადად ფართო პოპულიზმით უფროა ცნობილი, ვიდრე მკაფიო იდეოლოგიური პლატფორმით. ზოგიერთი პროგნოზით, პოპულარობის ვარდნამ შეიძლება მას 30 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი მისცეს. 2019 წლის ივლისის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტიის მხარდაჭერა 64 პროცენტს უდრიდა.

25 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ტარდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საერთო-სახალხო გამოკითხვა. როგორც სააგენტო UNIAN-ი იტყობინება, ამომრჩევლებმა უნდა უპასუხონ ხუთ შეკითხვას: მხარს უჭერენ თუ არა სამუდამო პატიმრობას განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის კორუფციისთვის; მხარს უჭერენ თუ არა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას; საჭიროა თუ არა ვერხოვნა რადაში დეპუტატთა რაოდენობის 300-მდე შემცირება; მხარს უჭერენ თუ არა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას მძიმე ავადმყოფებისთვის ტკივილის შესამსუბუქებლად; უნდა აღძრას თუ არა უკრაინამ საერთაშორისო დონეზე ბუდაპეშტის მემორანდუმით განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიების გამოყენების საკითხი.

ამ საერთო-სახალხო გამოკითხვას, რეფერენდუმისგან განსხვავებით, არ ექნება პირდაპირი იურიდიული შედეგები, აღნიშნეს პრეზიდენტის ოფისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG