Accessibility links

პოლიცია ბანკზე თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს


სამეგრელოს რეგიონში პოლიცია წუხელაც აგრძელებდა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის ძებნას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდამცავების აქტიური გადაადგილება შეინიშნებოდა რამდენიმე სოფელში. გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. დრონი.

წუხელვე, მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, სადაც „მთავარი არხის“ მიერ დასახელებული თავდამსხმელი ცხოვრობს.

ტელეკომპანიის მიერ დასახელებული პირის ოჯახის წევრებმა მედიასთან ურთიერთობა არ ისურვეს. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრი ყოფილი სამხედროა.

25 ოქტომბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დადგენილია „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე „ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა“. შსს-მ მიმართა მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, ინფორმაცია არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

21 ოქტომბერს დღისით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა შეიარაღებული, ნიღბიანი პირი, რომელსაც სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი ეცვა. მან მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.

სამართალდამცავებთან მოლაპარაკების პროცესში მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და თავდამსხმელის ძებნა გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელს თანხა გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG