Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანი: არ გვაქვს ყალბი ილუზიები, რომ ჩვენ ამ არჩევნებში უმრავლესობით მოვალთ


ლევან იოსელიანი, "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ლევან იოსელიანი, "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

საარჩევნო სუბიექტის, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ წარმომადგენელი, დეპუტატობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პარტიაში არ აქვთ იმის ილუზია, რომ მომავალი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ, თუმცა ფიქრობენ, რომ „კარგად იქნებიან წარმოდგენილები“. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან იოსელიანმა ჩამოთვალა „წითელი ხაზები“, რომელსაც პარტია კოალიციური თანამშრომლობის მიმართულებით არ გადაკვეთს.

„ეს არის რუსული ინტერესების მატარებელი ძალები, რომლებიც უბრალოდ ეგზისტენციალურად მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის საფრთხეა ასეთი ძალების საერთოდ პარლამენტში ყოფნა და არ ვუსურვებ მათ პარლამენტში მოხვედრას. ჩვენს ქვეყანას არ ვუსურვებ, რომ ასეთი ხალხი მოხვდეს პარლამენტში...მეორე წითელი ხაზი ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ვფიქრობთ, ჩააფლავა 8 წელიწადი და რომელსაც ყველა შანსი ჰქონდა, რომ გამოეყენებინა ამ ქვეყნის წინსვლისთვის. მათ ვერ შეძლეს ამ ქვეყნისთვის ვერც ერთი დაპირების შესრულება. გააღარიბეს ქვეყანა საბოლოო ჯამში...მესამე ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მის პრემიერობას...პრინციპულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა ჩვენთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის იმიტომ, რომ ზოგადად ვთვლით, რომ ეს ადამიანი თუ დაბრუნდება პრემიერად, ვერ ავცდებით ისევ რევანშს და ვერ ავცდებით ისევ ხელახლა ახალ ანგარიშსწორებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ „მოქალაქეები“ არ ითანამშრომლებენ იმ პარტიასთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს.

„არის საკითხები, რომლებზეც უკვე არა აქვს მნიშვნელობა პარტიას, ადამიანი თუ სწორ რაღაცაზე აწერს ხელს, მასთან უნდა დაჯდე და ილაპარაკო“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა "დილის საუბრებში".

ლევან იოსელიანი „პარტია მოქალაქეების“ პოლიტსაბჭოს წევრია. იგი არის საარჩევნო სუბიექტის „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG