Accessibility links

ეგზიტპოლის თანახმად, ვიტალი კლიჩკო იმარჯვებს კიევის მერის არჩევნებში


25 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში უკრაინის დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში იმარჯვებს კიევის მოქმედი მერი და პარტია „უდარის“ ლიდერი, ვიტალი კლიჩკო.

სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ვიტალი კლიჩკოს ხმა მისცა დედაქალაქის ამომრჩეველთა 47,8%-მა.

მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფავორიტი, ირინა ვერეშჩუკი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა ხმათა 8%-ით და ოდნავ ჩამორჩება მეორე და მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს.

ეგზიტპოლის თანახმად, ალექსანდრ პოპოვს ("ოპოზიციური გაერთიანება სიცოცხლისათვის") - 8,6% და სერგეი პრიტულას ("ჰოლოსი") 8,3%-ის მიღების შანსი აქვთ.

ჯგუფმა „რეიტინგმა“ 100 საარჩევნო უბნიდან გამოსული 10402 რესპონდენტი გამოკითხა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, კიევის საბჭოს არჩევნებში ასევე იმარჯვებს კლიჩკოს პარტია „უდარი“. მას მხარი დაუჭირა 21,3%-მა. 18%-ით მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, „ევროპული სოლიდარობა“, ხოლო მმართველი „ხალხის მსახური“ სიის მესამე ადგილს იკავებს 9,5%-ით.

25 ოქტომბერს უკრაინაში გაიმართა ადგილობრივი არჩევნები.

უკრაინელები ირჩევენ საოლქო და რაიონული საბჭოების დეპუტატებს, ქალაქების მერებს და, ასევე, ვერხოვნა რადის დეპუტატს ჩერნიგოვის ოლქიდან. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მე-8 და მე-9 მოწვევის დეპუტატი აღნიშნული ოლქიდან, ვალერი დავიდენკო, 2020 წლის 23 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მოკლული იპოვეს კიევში მდებარე თავის ოფისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG