Accessibility links

ირაკლი კობახიძე: ვანო ჩხარტიშვილს თუ რამე კავშირი აქვს "ციხის კადრებთან", ორდენი ეკუთვნის


მმართველი პარტიის ლიდერი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს "ციხის კადრების" გასაჯაროებაში წვლილი მიუძღვის, ჯილდოს იმსახურებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"საერთოდ არ ვიცი, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი "ციხის კადრებთან", თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის. სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი, რომ ციხეში სიკვდილიანობა შემცირებულიყო 12-ჯერ", - თქვა მან.

კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ჩხარტიშვილი, კობახიძე ირონიულ პასუხს სცემს:

"ორდენის გადაცემის მიზნით უნდა დაიკითხოს. უნდა გამოვკითხოთ, რეალურად, მიუძღვის თუ არა მას დამსახურება და მერე გადავცეთ ორდენი".

ორი დღის წინ "TV პირველმა" აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი და კადრების გამავრცელებელი ლადო ბედუკაძე საუბრობდნენ. ჩანაწერით ირკვეოდა, რომ გასაჯაროების საკითხი ჩხარტიშვილის დაფინანსებული იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედიაში "ციხის კადრები" გავრცელდა, სადაც ასახული იყო წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობის შემთხვევები. მასალის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო ანტისახელისუფლებო აქციები, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო არჩევნები, ძალადობის შემთხვევები კი აღიარეს ლიდერებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG