Accessibility links

ISFED: "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" პოლიტიკური რეკლამისთვის თვეში 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ISFED-მა 900-ზე მეტი Facebook გვერდი და 11 469 პოსტი გააანალიზა. კერძოდ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თანახმად, საანგარიშო პერიოდში აქტიურობდნენ:

  • ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;
  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი.
  • დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.

"სამართლიანი არჩევნები" აკვირდებოდა ასევე პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 ფეისბუკგვერდს, მონიტორინგი მოიცავდა აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც.

"სამართლიანი არჩევნების" შუალედური ანგარიშის მიხედვით, ღირებულებით საკითხებზე პოლარიზების წამახალისებელი გვერდები აქტიურად არიან ჩართულები პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. ამ მონაცემებით, 69 გვერდი "პატრიოტთა ალიანსის", "ქართული მარშის", "ქართული იდეის" პრიმაკოვის ფონდის დირექტორის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა.

როგორც "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში "ფეისბუკზე", ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით, 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 გვერდი ოპოზიციის, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა", კრიტიკული მედიასაშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, 30 გვერდი კი ძირითადად "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა, გარდა "ძალა ერთობაშია"-ში შემავალი პარტიებისა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების" სოციალური მონიტორიმგის მეორე ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. კერძოდ, 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ანონიმურ დისკრედიტაციულ და ცრუ მედიის გვერდებზე, ჯამში 1,725 პოსტი გამოქვეყნდა. ხოლო, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული 65 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი 8 დასპონსორებული პოსტი.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ პარტიების და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 320 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯეს. პარტიებისა და კანდიდატების 117 ოფიციალურ გვერდზე 4925 რეკლამა გამოქვეყნდა, ძირითადად დეკლარირებული სახით. თუმცა როგორც ანგარიშშია ასახული, პოლიტიკური რეკლამების ნაწილი ანონიმურად, სავალდებულო დეკლარირების გარეშე ვრცელდებოდა, ხოლო "ფეისბუკის" რეაგირება არაეფექტური და არასაკმარისი იყო. საანგარიშო პერიოდში "ფეისბუკზე" პოლიტიკური მიზნით მოქმედ 42 გვერდზე "სამართლიანი არჩევნების" მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომელიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა, მათგან 23-ის მოქმედება შეჩერდა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" სოციალური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG