Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია თვითიზოლაციაში მყოფებზე: ისინი ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ცესკო გადასატანი ყუთის სიაში მხოლოდ იმ ადამიანებს შეიყვანს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არიან აღრიცხულები:

„სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში“, - წერს ნინო ლომჯარია და თავადვე აკეთებს პროგნოზს, როგორ შეიძლება მოიქცნენ ეს ადამიანები არჩევნების დღეს.

„ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა, ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს“, - წერს ნინო ლომჯარია."ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი უკმაყოფილოა იმით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, როგორც ინფიცირებულებისა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობაა, არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა და დღეს არც დროა და არც საშუალება იმისა, რომ სათანადო ინფორმაცია ყველა მოქალაქემდე მივიდეს.

შეგახსენებთ, #45 დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფებსა და COVID-19-ით ინფიცირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ცესკოსთვის მიმართვის ვადა 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ.

იმისათვის, რომ კენჭისყრის დღეს, 31 ოქტომბერს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით სარგებლობა შეძლონ, ისინი ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 251-00-51 (0).

ასეთი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ამა თუ იმ რისკფაქტორის გამო, პრევენციის მიზნით, თავად გადაწყვიტეს 12-დღით სახლში დარჩენა. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და, შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.

ამის შემდეგ, ცესკო მათ მონაცემებს გადაამოწმებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებულ სიებში და შესაბამისობის შემთხვევაში, ამომრჩევლები გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიაში მოხვდებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რეგისტრაციის ვადის 30 ოქტომბრამდე გაგრძელებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG