Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰყვება კოვიდინფიცირებული ამერიკელი, რომელიც საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოვიდა


განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დევიდ მორისი თბილისში, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიყვანეს.

აშშ-ის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოვიდა და ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამბობს, რომ ინსტრუქციებს ვერ იღებს ექიმისგან და კოვიდსასტუმროს თანამშრომლებისგან, რადგან ისინი მხოლოდ ქართულად და რუსულად საუბრობენ.

დევიდ მორისი
დევიდ მორისი

დევიდ მორისი “ციფრული მომთაბარეა”, ის ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მუშაობს. 16 ოქტომბერს, მორისი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა, პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში.

საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ ეპატიჟებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში, დისტანციურად სამუშაოდ. პროექტი მორგებულია მაღალანაზღაურებად უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში საშუალოდ 6 თვეს დარჩებიან.

სახელმწიფოს მოთხოვნის შესაბამისად, დევიდ მორისმა, საკუთარი ფინანსებით, თბილისში კარანტინი გაიარა. იზოლაციის მე-8 დღეს მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც რუსთავში, კოვიდსასტუმრო “რუსთავში” გადაიყვანეს.

მორისი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორი იქნება მისი მკურნალობის პროცესი, რადგან კომუნიკაციას ვერ ამყარებს ექიმსა და სასტუმროს თანამშრომლებთან, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან.

“ინსტრუქციები მივიღე ქართულ ენაზე, რომელსაც ვერ ვკითხულობ. სასტუმროში მხოლოდ ქართულად და რუსულად ლაპარაკობდნენ”, - ამბობს მორისი და განაგრძობს: “ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1505) დავრეკე, აქაც არავინ იცოდა ინგლისური. რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, თუმცა მალე კომუნიკაციის მცდელობაც კი შეწყვიტეს”.

დევიდ მორისი ამბობს, რომ ვერ გაიგო, რამდენი ხანი მოუწევდა ნომერში დარჩენა, რომელშიც “სიგარეტის საშინელი სუნი დგას, რომელზეც ალერგია მაქვს და რის გამოც, დღის განმავლობაში ძირითადად აივანზე ჯდომა მიწევს”. მისივე თქმით, სასტუმროს საუზმეში ყველაფერი ტკბილია, ის კი შაქარს არ ჭამს და თანამშრომლებს ამას ვერ უხსნის.

“ამერიკის საელჩოში დავრეკე და ნაწილობრივ რაღაცები ამიხსნეს. ჩემს ქართველ მეგობარსაც მივმართე, რომლისგანაც გავიგე, რომ აქ 10 დღით დავრჩებოდი”, - ამბობს მორისი და განაგრძობს: “როგორც ჩანს, ისევ მომიწევს სხვა, რიგითი ადამიანების სულგრძელობის იმედად ვიყო, რომ დამეხმარონ თარგმნაში”.

დევიდ მორისი ერთ-ერთია მსოფლიოს 60 ქვეყნის 197 მოქალაქიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა დისტანციურად სამუშაოდ. 2 თვის მანძილზე, 700 პირს დაუდასტურეს მოთხოვნა, საერთო ჯამში კი საქართველოს 1 100-მდე უცხოელმა მიმართა.

დევიდ მორისი ამბობს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, პოტენციურად, “ციფრულმა მომთაბარეებმა” საქართველოში 23,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა დახარჯონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG