Accessibility links

რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე


შინაგან საქმეთა სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის ფარგლებში ერთდროულად რამდენიმე სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, არავინ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე ბრიფინგის გამართვას 20:00 საათზე გეგმავს.

თავდამსხმელი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

25 ოქტომბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ „ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG