Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი პრაისი: საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აქვთ მოლოდინი და იმედი, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მისი შედეგები საქართველოში მიჩნეული იქნება ლეგიტიმურად და აღიარებული იქნება. ამ შინაარსის ექსკლუზიური კომენტარი „ამერიკის ხმას“ მისცა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატმა თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა.

ამერიკელ კონგრესმენს მიაჩნია, რომ პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, ჩაატარებენ ძალიან კონკურენტულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც შესაძლოა, პარლამენტში ძალები ახლო პროპორციით გადანაწილდნენ.

დევიდ პრაისი საქართველოსთან 15 წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოში არაერთი არჩევნები გაიმართა და დემოკრატიული თვალსაზრისით, არაერთი ცვლილება მოხდა. კონგრესმენი ცვლილებებს იცნობს, თუმცა დასძენს, რომ ყველაზე მეტად ერთ უცვლელ ფაქტორს აფასებს: „თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება“.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში 50 პარტია და ბლოკი მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG