Accessibility links

logo-print logo-print

ფაშინიანი აცხადებს, რომ ჩაშლილია აშშ-ის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებაც


სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, წარუმატებელი აღმოჩნდა ამჯერად, აშშ-ის შუამავლობით გაწეული საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაც, რომელიც მიმართული იყო მთიან ყარაბაღში ზავის გამოცხადებისკენ.

ფაშინიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან განუწყვეტელი სროლის შედეგად, არცახში(მთიანი ყარაბაღი) დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

გასულ საღამოს, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, რომელსაც უთხრა, რომ დიდი ალბათობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანი სომხურ მხარეს დაადანაშაულებს. ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, მთავარი საკითხი, რომელიც დააყენა ის იყო, თუ როგორ დაადგენენ შეთანხმების დამრღვევს და რა შედეგი ექნება ამას დამრღვევი მხარისთვის. ფაშინიანის განცხადებით, არაკორექტული იქნებოდა იმაზე ლაპარაკი, თუ რა უპასუხა პომპეომ.

25 ოქტომბერს, აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. ამას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეთანხმების ამოქმედებიდან მალევე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ზავის დარღვევაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მანამდე, 10 სექტემბერს, კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის შუამავლობით. ეს შეთანხმება არ შესრულდა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლქიტის მოსაგვარებლად არსებობს ეუთოს სპეციალური ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG