Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი საზავო შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წუხელ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ცეცხლის შეწყეტის ახალი რეჟიმის დარღვევით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით შეუტიეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შეტევები მოგერიებულია ხოჯავენდის, ფიზულის და კუბათლის მიმართულებებით.

26 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ერთი მხრივ, საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე და მეორე მხრივ, სომხეთში შეიარაღება იგზავნება. ვის მიერ, ალიევს არ უთქვამს.

აზერბაინაჯის პრეზიდენტი ამბობს, რომ სომხეთმა მუხლებზე უკვე დაიჩოქა და ახლა სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისარგებლოს ძალების ხელახალი მობილიზებისთვის. ალიევის განცხადებით, ვისაც ცეცხლის შეწყვეტა სურს, ოკუპანტ სახელმწიფოს უნდა უთხრან, რომ დატოვოს აზერბაიჯანის მიწები, სხვა შემთხვევაში კი აზერბაიჯანი ბოლომდე წავა და მტერს ისევ გააქცევს, რადგან სიმართლე და ძალა მის მხარესაა.

25 ოქტომბერს, აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. ამას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეთანხმების ამოქმედებიდან მალევე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ზავის დარღვევაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დააკისრა.

მანამდე, 10 სექტემბერს, კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის შუამავლობით. ეს შეთანხმება არ შესრულდა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლქიტის მოსაგვარებლად არსებობს ეუთოს სპეციალური ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG