Accessibility links

ჩხარტიშვილი: თუ ოპოზიციიდან პირველ ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი


ლაშა ჩხარტიშვილი

საარჩევნო სუბიექტის „ შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულო ოცნების“ დამარცხების ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაც არის, თუმცა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ივანიშვილის გაშვებით ოპოზიციას ხელისუფლებაში სააკაშვილი არ მოჰყავს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა შეირჩეს ყველასთვის მისაღები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი:

„ეს ყოველივე დამოკიდებული იქნება გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე, მაგრამ არა მექანიკურად. მექანიკურად, ანუ ოპოზიციას შორის პირველ ადგილს თუ აიღებს პირობითად ნაციონალური მოძრაობა რისი შანსიც მას გააჩნია, მაგრამ არა ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი სააკაშვილი გახდება პრემიერი. შეიძლება ამავე პარტიიდან იყოს სხვა კანდიდატი, შეიძლება სხვა პარტიიდან მოიძებნოს კომპრომისული კანდიდატი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში 51 პროცენტი სჭირდება პარლამენტში პრემიერს და ის უნდა იყოს ისეთი, კონსენსუსური ფიგურა, რომელიც ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება და რაც მთავარია საზოგადოებისთვის და ასეთად მე სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად მესახება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის შემდეგ“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

ლაშა ჩხარტიშვილი "შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საარჩევნო სიის მე-5 ნომერია. იგი არის "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელი. ლეიბორისტულ პარტიას იგი 2019 წლის იანვარში შეუერთდა. არჩევნებში "შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია" მე-10 ნომრით მონაწილეობს. არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG