Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: ნაციონალებს შეუყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი, ეს სახალისო ამბავია


სოსო ჯაჭვლიანი, თეა წულუკიანი
სოსო ჯაჭვლიანი, თეა წულუკიანი

„ახლა შეგიყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი. ძალიან კარგია. ნაციონალებს შეუყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი. ეს არის, მე მგონი, ძალიან ისეთი, სახალისო ამბავი“, - ამ სიტყვებით უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

„მე მინახავს, იმიტომ რომ მთაში გავიზარდე, სვანი კაცები. თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში არ მინახავს. ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, რომ სხვანაირად ისაუბრებს, მაგრამ მე ყველაზე ძალიან ამ ყველაფერში სახალისო მგონია თქვენი სიხარული, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით წლების მანძილზე და ღიად დასცინოდით ამ კაცს, როდესაც იყო „ქართულ ოცნებაში“, ეხლა უცბათ შეგიყვარდათ. აი, ეს არის ჩემთვის სასაცილო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, სამწუხარო სანახაობა იყო სოსო ჯაჭვლიანის ყურება „მთავარი არხის“ ეთერშიც.

„მე არ მგონია, რომ ბატონი სოსო ჩემთვის შორეული ადამიანია, ეს ცოტა უფრო პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად და ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატავად, რომელმაც მისივე მონაწილეობით რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასეთ ხალხთან ბატონ სოსოს მოუნდა, რომ თავისი ხვაშიადი, ასე ვთქვათ, გამოეფინა საჯაროდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა 26 ოქტომბერს მმართველი ხელისუფლება რეჟიმად მოიხსენია და განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში ილაპარაკა სპორტულ ფედერაციებში მაფიოზური მმართველობის შესახებ.

„მე ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი აღარ ვარ. იმ „ზონდერბრიგადის“ წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ეს „რეჟიმი“ უნდა წავიდეს! ეს რეჟიმია, აბა, რა არის?!“ - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ვერ იტანს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ სფეროში აქვთ ავტორიტეტი.

17 ოქტომბერს, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ხმაურის გამო ჩაიშალა. სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მიმდინარე სხდომაზე დასწრების მსურველ სპორტსმენებს დაცვის სამსახურმა დარბაზში შესვლის უფლება არ მისცა. მკლავჭიდელების განცხადებით, დაცვას მათი შეჩერება ფედერაციის პრეზიდენტმა დაავალა. საბოლოოდ, მკლავჭიდელები მაინც შევიდნენ სხდომაზე და სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გამგეობის სხდომის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი ხმაურიან დაპირისპირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი სანქციით უპასუხა. სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG