Accessibility links

ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა კიდევ 4 საათით გაახანგრძლივა


ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა კიდევ 4 საათით, 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გადაწია. კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა, რომელიც ამ ვადის გახანგრძლივებას 22:00 საათამდე ითხოვდა.

გადასატან ყუთზე რეგისტრაცია გუშინ, 26 ოქტომბერს საღამოს, 22:00 საათზე უნდა დასრულებულიყო. ვადა გუშინდელი გადაწყვეტილებით 4 საათით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი კიდევ 4 საათით გახანგრძლივდა.

რადიო თავისუფლებამ სცადა ცხელ ხაზზე დარეკვა. რამდენიმეწუთიანი მოცდის მიუხედავად, ოპერატორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ ფეისბუკზე დაწერა, ცესკოსგან მიიღო დაპირება, რომ ყველა ადამიანი, ვინც ცხელ ხაზზე სცადა დაკავშირება ჩაინიშნავენ და ბაზაში შეიყვანენ.

"მიგვაჩნია, რომ სიების ავტომატური ფორმირება, ისე რომ სავალდებულო არ ყოფილიყო თავად ამომრჩევლებისთვის ცესკოსთვის დარეკვა, საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

იმისათვის, რომ კენჭისყრის დღეს, 31 ოქტომბერს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით სარგებლობა შეძლონ, ისინი ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 251-00-51 (0).

ასეთი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ამა თუ იმ რისკფაქტორის გამო, პრევენციის მიზნით, თავად გადაწყვიტეს 12-დღით სახლში დარჩენა. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და, შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.

ამის შემდეგ, ცესკო მათ მონაცემებს გადაამოწმებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებულ სიებში და შესაბამისობის შემთხვევაში, ამომრჩევლები გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიაში მოხვდებიან.

"ამ პერიოდის მანძილზე ორგანიზაციას სხვადასხვა ადამიანები გვატყობინებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღიცხული", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG