Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ოპოზიციურ პარტიებთანაა დაკავშირებული


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციას აქვს სქემა, რომლის მიხედვითაც შეეცდება იმის მტკიცებას, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.

საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე თეა წულუკიანმა აღნიშნული სქემის ერთ-ერთ კომპონენტზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, მანამდე კი საზოგადოებას შეახსენა ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიში, რომელშიც, მისი თქმით, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული.

თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ამის მტკიცებულების ნიშნად წარადგინა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 32 ოპოზიციური პარტიებთან არის დაკავშირებული:

„ჩვენი ანალიზით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ერთი მეოთხედი, 32 მათგანი, ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებულია. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ და ასევე არის 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მორიგ, ერთ-ერთი დანაყოფის სახელზე, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. 2 ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტთა ალიანსთან“ არის კავშირში მყოფი”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები აპირებენ შექმნან ცრუ ამბები ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უსაფუძვლოდ აკრიტიკონ ცესკო და არჩევნების მომდევნო დღეებში დაგეგმილი პროვოკაციების მთელი კასკადი შექმნან.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სქემის გამომჟღავნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ სქემის ამოქმედების „პრევენციას“ ემსახურება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG