Accessibility links

მაიკ პომპეომ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომ განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მოუწოდა ბაქოსა და ერევანს, რათა დაიცვან ერთობლივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც გამოცხადებიდან მეორე დღიდან დაირღვა და ფართომასშტაბიანი იერიშები კვლავ გრძელდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.


სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარში მაიკ პომპეომ მოუწოდა მათ, რომ „დაიცვან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე აღებული ვალდებულება, რათა მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური მოწესრიგება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება“, - შეახსენა სატელეფონო საუბარში პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს.


25 ოქტომბერს, აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. ამას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.


მაგრამ 26 ოქტომბერს საზავო შეთანხმება დაირღვა და საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რაშიც მხარეების ერთმანეთს ადანაშაულებენ.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით“ 26 ოქტომბრის საღამოს სომხური ძალები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ გუბადლის დასახლებული პუნქტი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ანკლავის სამხრეთში მდებარეობს, სომხეთის საზღვრიდან 7 კილომეტრის დაშორებით.



აზერბაიჯანის სამხედრო ძალების იერიშის შედეგად დაიჭრა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ჰარუთიუნიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან


აზერბაიჯანი თავის მხრივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც, ბაქოს განცხადებით, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის ქალაქ ტარტარსა და მის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლქიტის მოსაგვარებლად არსებობს ეუთოს სპეციალური ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG