Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლეიბორისტული პარტიის" დაკავებული აქტივისტები ხელწერილით გაათავისუფლეს


ახალგაზრდა ლეიბორისტების აქცია ცესკო-ში
ახალგაზრდა ლეიბორისტების აქცია ცესკო-ში

პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა ცესკო-ს შენობასთან დაკავებული 3 აქტივისტი.

27 ოქტომბერს საღამოს, საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები ცესკოს-ს შენობის შესასვლელში, საპროტესტო აქციაზე მოითხოვდნენ კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მისაცემად რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას. აქტივისტებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა და ამას დაპირისპირება მოჰყვა.

სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

საპროტესტო აქციის გამო ცესკო-მ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ უარი თქვეს.

ცესკო-ს განცხადებითვე, „ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას“.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მისაცემად გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 26 ოქტომბრის 22:00 საათზე იწურებოდა. ცესკომ ვადა ჯერ 27 ოქტომბრის 14:00, ხოლო შემდეგ 18:00 საათამდე გააგრძელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG