Accessibility links

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აბრალებენ ზავის დარღვევას, გრძელდება დიპლომატიური მცდელობები


7 წლის აისუ ისგანდაროვას დაკრძალვის ცერემონია აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რასაც სომხეთი უარყოფს. 2020 წ. 28 ოქტომბრის ფოტო.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური მცდელობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ორმა მხარემ ერთმანეთს დასდო ბრალი აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავის დარღვევაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დიპლომატიური გზით გადაჭრან პრობლემა და დაიცვან საზავო შეთანხმება, რომელიც 26 ოქტომბერს დაირღვა.

ამასობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 40 დაიჭრა ქალაქ ბარდაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. წინა დღით იტყობინებოდნენ ბარდაში ოთხი სამოქალაქო პირის სიკვდილზე. ერევანმა უარყო თავდასხმები და 28 ოქტომბრის განცხადებას „უსაფუძვლო და ყალბი“ უწოდა.

როგორც აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იტყობინება, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 70 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა. ამ მონაცემების შემოწმება არ ხერხდება დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ 83 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 362 დაიჭრა.

თავის მხრივ, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ აცხადებს ერევანიც. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ყარაბაღს რეაქტიული სისტემა „სმერჩის“ ცეცხლი გაუხსნეს. შუშაში მინიმუმ ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ორი დაიჭრა.

სომხეთის არმია აცხადებს, რომ ერთი თვის წინ კონფლიქტის განახლების შემდეგ მისი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აზერბაიჯანი არ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარ სამხედროთა შორის დანაკარგის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 27 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. კრემლის განცხადების თანახმად, საუბრის თემა იყო რუსეთის მხარის კონტაქტები აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან და „ზავის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისა და კრიზისის დეესკალაციისთვის გადადგმული ნაბიჯები“. ეს პუტინისა და ერდოანის მეორე სატელეფონო საუბარი იყო სექტემბრის ბოლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარება აჩენს სამხრეთ კავკასიაში უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტისა და მასში ნატოს წევრი თურქეთის ჩართვის შიშებს. თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა, რუსეთს კი სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG