Accessibility links

site logo site logo

თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმად, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა


ბადრი ესებუა

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში ბანკის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა და ამის მტკიცებულებად „ოფიციალურ დოკუმენტს“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებიდან 2019 წელს გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საკუთარ ფეისბუკზე დაპოსტა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა მოლოდინაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა“, - წერს მოლოდინაშვილი და განაგრძობს: „მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას“.

ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული კაცი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრა და იქ მყოფი 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაასახელა სავარაუდო თავდამსხმელი: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG