Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამოყენებით დაიმუქრა


ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი (მარჯვნივ). 2020 წ. 28 ივლისი.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების ძალებმა შეიძლება საბრძოლო იარაღით გაუხსნან ცეცხლი „საბოტაჟსა და ტერაქტში“ მონაწილეებს. ეს განცხადება იური კარაევმა გააკეთა ბელარუსში ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმდინარე მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რაც ქვეყნის მასშტაბით გაფიცვის სახეს იღებს.

კარაევის მიერ 28 ოქტომბერს გამოთქმულ გაფრთხილებამდე ერთი დღით ადრე ლუკაშენკამ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ გაფიცვებს „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებები“ უწოდა.

ლუკაშენკას თქმით, ქვეყანაში „ტერორისტული თავდასხმების საფრთხე ჩნდება“, იგულისხმა რა მის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები.

კარაევმა, რომელიც ევროკავშირის სანქციების სიაში აღმოჩნდა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობასთან დაკავშირებით, ინტერვიუში განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არ უნდა იქნეს გამოყენებული იარაღი.

„[თუკი] ადამიანი დივერსიას ან ტერაქტს ახორციელებს, თავს ესხმის მილიციის თანამშომლებს. რა თქმა უნდა, ისინი უნდა გააჩერონ ყველა საშუალებით, რაც კი პოლიციელის განკარგულებაშია - ფიზიკური ძალით დაწყებული, საბრძოლო იარაღით დამთავრებული,“ თქვა მან.

სახელმწიფო ქარხნებისა და კერძო ფირმების ათასობით თანამშრომელი, ასევე უნივერსიტეტების სტუდენტები, დაჰყვნენ ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მოწოდებას, შეუერთდნენ ნაციონალურ გაფიცვას, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ უგულებელყო მოთხოვნა, 25 ოქტომბრამდე გადამდგარიყო, შეეწყვიტა დემონსტრანტთა სასტიკი დარბევა და გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები.

ციხანოუსკაიამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჯერჯერობით „კმაყოფილია“ საყოველთაო გაფიცვით, რომელიც 26 ოქტომბერს დაიწყო, მაგრამ თქვა, რომ პოლიციის მხრიდან მშრომელების დაშინებასა და დევნას უფრო დაბალი დონის მობილიზაცია მოჰყვა.

მან ასევე მიუთითა იმაზე, თუ „რამდენად სასტიკად იქცევა ომონი,“ რის გამოც, ციხანოუსკაიას თქმით, გაფიცვები არ იყო ისეთი ფართო მასშტაბის, როგორსაც მოელოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG