Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა კარიკატურის გამო უჩივლა ჟურნალ Charlie Hebdo-ს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მისი კარიკატურისთვის ანკარის პროკურატურაში უჩივლა ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდო“-ს(Charlie Hebdo).

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ერდოანის ადვოკატმა, ჰუსეინ აიდინმა პროკურატურას მიმართა განცხადებით, აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ადვოკატის თქმით, კარიკატურის შეურაცხმყოფელი შინაარსი ცილისწამებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პრეზიდენტის შეურაცხყოფის მუხლით.

ფრანგულმა ჟურნალმა თურქეთის პრეზიდენტის კარიკატურა 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ნახევრად შიშველი ერდოანი სავარძელში ზის, ცალი ხელით კაბას უწევს ქალს და წარმოთქვამს: „ოჰ, წინასწარმეტყველო!“ კარიკატურას აქვს წარწერა: „პირად ცხოვრებაში ერდოანი ძალიან მხიარულია“.

კარიკატურა გამოქვეყნდა პარიზის და ანკარის ურთიერთობებში კრიზისის ფონზე, რომელიც წარმოიშვა საფრანგეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის, სემუილ პატის მკვლელობის შემდეგ. პედაგოგმა, რომელიც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა, მათ აჩვენა „შარლი ებდო"-ს კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პედაგოგი 16 ოქტომბერს მოკლეს. თავდამსხმელი, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმას უწოდა „ისლამისტური ტერაქტი“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი უარს არ იტყვის კარიკატურებსა და ნახატებზე. საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მაკრონი დაადანაშაულა ისლამოფობიაში, მას ავადმყოფი უწოდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევა ურჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG