Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზია ვებსაიტიდან ერთ-ერთი მასალის წაშლას კიბერშეტევას უკავშირებს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ დაადასტურა, რომ მისი ვებსაიტიდან წაიშალა მასალა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ინციდენტს ასახავდა.

საუბარია სოფელ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტზე, როცა ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი დაუპირისპირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

28 ოქტომბერს, ღამით გავრცელებულ განცხადებაში მაუწყებელი მასალის წაშლასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ „მიუხედავად სხვადასხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან მრავალრიცხოვანი პერიოდული კამპანიური შემოტევებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისა, მაუწყებელი აგრძელებს მიუკერძოებლად მუშაობას და ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქებას, ეს კი, როგორც ჩანს, დიდ გაღიზიანებას იწვევს მათში, ვინც არ არის დაინტერესებული იმით, რომ მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელება და შეინარჩუნოს ორგანიზაციული სტაბილურობა და მდგრადობა“.

მაუწყებლის მტკიცებით, 28 ოქტომბერს აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ სავარაუდოდ, მოხდა ჰაკერული თავდასხმა, რის შედეგადაც ვებგვერდიდან გაქრა ერთ-ერთი მასალა.

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ ეს იყო „კარგად ორგანიზებული, დესტრუქციული ქმედება და მიზნად ისახავდა მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის დისკრედიტაციას და მასში დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი ტალღის აგორებას, რადგან მსგავსი მასალის ოფიციალური საიტიდან წაშლას საზოგადოება აუცილებლად შეამჩნევდა და სათანადო რეაქციაც ექნებოდა“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ინფორმაციით, მენეჯმენტმა ინციდენტის გამოძიებისთვის მიმართა სამართალდამცველებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ მაუწყებელში და ჩაატარეს შესაბამისი მოქმედებები, ხოლო წაშლილი მასალა ტექნიკურმა სამსახურმა მალევე აღადგინა და ის კვლავ ხელმისაწვდომია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG