Accessibility links

თვითიზოლაციაზე უარისთვის დაჯარიმება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფასდა


2000 ლარით დააჯარიმეს ლაგოდეხში მცხოვრები ფირუზ გელაშვილი, რომელიც პოლიციის თანახმად, უარს ამბობდა კორონავირუსზე ტესტის გაკეთებასა და თვითიზოლაციაში გადასვლაზე. მოქალაქის დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიმართა.

ფირუზ გელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანია.

გელაშვილის დედას, რომელიც ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგია, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაუდასტურდა. ფირუზ გელაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო 20 დღეა დედასთან კონტაქტი არ ჰქონია.

„მხოლოდ ჩემგან ითხოვდნენ რომ ტესტი გამეკეთებინა და თვითიზოლაციაში გადავსულიყავი. დედა სკოლაშიც იმყოფებოდა, თუმცა სკოლის კონტაქტებს არავინ ითვლის. ჩემი დაჯარიმება პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. იცით რატომ არის ასე? თავის დროზე ვითხოვდით, რომ დედისთვის ტესტი გაეკეთებინათ, მაგრამ გვეუბნებოდნენ არ გვაქვსო, შემდეგ დედა თბილისში წავიდა და ფასიანი ტესტი გაიკეთა. გარდა ამისა, ოჯახში ტესტი მხოლოდ ჩემს მეუღლეს გაუკეთეს, შვილებს არა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფირუზ გელაშვილმა. მისი ინფორმაციით, დაჯარიმებას არ ეთანხმება, ამიტომ ოქმს ხელი არ მოაწერა. ამჟამად გელაშვილი 8-დღიან თვითიზოლაციაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG