Accessibility links

ბოკერია: არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში ჩავთვლი არალეგიტიმურად თუ იგი არ გამოხატავს რეალურ შედეგებს


გიგა ბოკერია

საარჩევნო სუბიექტის, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში ჩათვლის არალეგიტიმურად, თუ იგი რეალურად არ ასახავს ხალხის ნებას და არჩევნებში მიღებულ რეალურ შედეგებს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიგა ბოკერიამ ამ მიმართულებით 2003 წლის არჩევნები გაიხსენა და დასძინა, რომ ქვეყნის ამოცანაა, ეს სცენარი არ განმეორდეს:

„მკაფიო მაგალითი თუ გვინდა მოვიყვანოთ, როდის ჩათვალა საქართველოს საზოგადოებამ, მეც მათ შორის, რომ ეს შედეგები რაც შემოგვთავაზეს, არ გამოხატავს ხალხის ნებას, ეს იყო 2003 წელს და ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია. ჩვენი, ევროპული საქართველოს და ჩემი აზრით, ქვეყნის ამოცანაა რომ ეს სცენარი კი არ გამეორდეს, იმ ტიპის უპირატესობით იქნას დამარცხებული ივანიშვილის რეჟიმი პირველივე ტურში, რომ ამის გაფიქრებაც, ამ ტიპის მანიპულაციების ანუ პირდაპირ ჩანაცვლება მოგებულის წაგებულით თავშიც ვეღარ მოუვიდეს ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს არის ამოცანა ჩვენი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფოთს, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG