Accessibility links

კორონავირუსის პანდემია, ძალადობა და მოსყიდვა - NGO-ები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ


არჩევნებამდე ორი დღით ადრე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" წინასაარჩევნო პერიოდს აფასებენ და არსებულ გამოწვევებს აფასებენ. ერთობლივ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა კორონავრუსის პანდემიის პირობებში მიმდინარე კამპანიებზე, შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, მოსყიდვასა და სხვა შესაძლო დარღვევებზე.

წინასაარჩევნო გარემო

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ კორონავირუსის პირობებში მიმდინარე საარჩევნო გარემოზე. მათი შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლის სახელით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გატარებული ღონისძიებების დროს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით თავს იკავებდა ტრადიციული ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან, ნაწილი კი ამაზე უარს არ ამბობდა, რამაც უთანასწორო გარემო შექმნა.

"სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა. საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის როგორც ხელის შეშლას და მუქარას, ასევე ფიზიკურ ძალადობას. ხშირ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებდნენ, რის გამოც მათ რიგებს აქტივისტები ტოვებდნენ", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ზეწოლა/მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება

წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დროს ყურადღება გამახვილდა ამომრჩეველზე, ოპოზიციურ პარტიებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებსა და მედიასაშუალებებზე ზეწოლაზე.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, გავრცელებული ინფორმაცია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ორი ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში აყენებს ქალ კანდიდატებს და აფერხებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას", - აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს ე.წ მხარდამჭერთა სიის მიტანას ავალებდნენ:

"წინასაარჩევნოდ, საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას კვლავ ტენდენციის სახე ჰქონდა - საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თუმცა მათ ნაწილს ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს სავარაუდოდ, საკუთარი ან ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციის გამო".

ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობრივმა შემთხვევებმა დააზიანა. ისინი ყურადღებას ამახვილებენ "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი აქტივისტის დაჭრაზე, ბოლნისსა და დმანისში ფიზიკურ ძალადობაზე.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, სადაც მთელი დღის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სახელმწიფომ ვერ განმუხტა და დღის ბოლოს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, ჟურნალისტები და დამკვირვებელი აღმოჩნდნენ".

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვი, რომ პოლიტიკური მიზნებით, პარტიის ინტერესების გამოყენებით ტარდებოდა.

"მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა განწყობაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა, მათ შორის, სამუშაო დროს სოციალური ქსელით აგიტაცია:

"საარჩევნო რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, ხშირად მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ".

ამომრჩევლის მოსყიდვა

წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაა შეფასებული. ორგანიზაციებმა ასეთი 60-ზე მეტი შემთხვევა აღმოაჩინეს. ამ მხრივ მათ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების აქტივობების ნაწილი მიიჩნიეს.

საგამოძიებო უწყებები

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი. თუმცა გამოყოფენ პროკურატურის შემთხვევას, რომელიც საქართველოს საზღვრების დამდგენი კომისიის საქმიანობას სწავლობს:

"გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ".

მედია გარემო

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა მედიას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სამაუწყებლო მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე არ მივიდნენ სტუმრად "ფორმულაში", "მთავარ არხზე", "TV პირველსა" და "კავკასიაზე" მაშინ, როცა უარს არ ამბობენ "იმედისა" და "პოს TV"-ს ეთერებზე.

"წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება... დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატებოდა მათ მიერ წარმოებულ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური მოვლენების, პარტიების, პოლიტიკოსების, მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG