Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას ყოფილი სამხედროების "მფრინავი რაზმები"


ალიაქსანდრ ლუკაშენკა ახალდანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრ ივან კუბრაკოვთან შეხვედრაზე. 2020 წ. 29 ოქტომბერი.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა ახალდანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრ ივან კუბრაკოვთან შეხვედრაზე. 2020 წ. 29 ოქტომბერი.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომლის წინააღმდეგაც გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, წამოაყენა წინადადება, გაძლიერდეს სახალხო რაზმები. მისი სიტყვები მოაქვს სააგენტო BelTA-ს, რომელიც იტყობინება ლუკაშენკას შეხვედრების შესახებ ზოგიერთი სფეროს წარმომადგენლებთან.

„სახალხო რაზმები უნდა მუშაობდნენ. ისინი ბოლოს და ბოლოს უნდა გაინძრნენ და დაიცვან“, თქვა ლუკაშენკამ და დასძინა, რომ ასეთმა რაზმებმა უნდა „უზრუნველყონ საკუთარი სახლების დაცვა“. მას არ დაუზუსტებია, ვისგან უნდა დაიცვან სახლები.

ლუკაშენკას თქმით, აუცილებელია „მფრინავი რაზმების“ შექმნა, რომლებშიც შევლენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის ისინი, რომლებიც ავღანეთში მსახურობდნენ.

თავის გამოსვლაში ლუკაშენკამ ასევე კომენტარი გაუკეთა საპროტესტო აქციებს პოლონეთში და თქვა, რომ ისინი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თითქოს არჩევნები გააყალბა. ლუკაშენკა პოლონეთს ბრალს სდებს ბელარუსში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების კოორდინაციაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრ იური კარაევს შეცვლის ივან კუბრაკოვი.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG