Accessibility links

მელია და ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის რუსულ ენაზე სიმღერაზე: ფონოგრამა აერია


ნიკა მელია, ნანუკა ჟორჟოლიანი

ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე „თბილისო"-ს რუსული ვერსიის სიმღერის დროს, ფონოგრამა შეეშალა. „სცენაზე ვიდექი და მეც გამიკვირდა. თავად ბატონმა ბუბამ ინერვიულა. აღიარა ადამიანმა", - ამბობს მელია. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიება. „თმებიც ყალყზე დამიდგა", - ხუმრობით დაამატა ნიკა მელიამ.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარი კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფეისბუკზე" დაწერა, რატომ იმღერა ბუბა კიკაბიძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე „თბილისო"-ს რუსული ვერსიაც.

„სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„მთავარი არხის" ეთერში ტელეწამყვანმა ნათია გოგსაძე აღნიშნა, რომ ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებით ფონოგრამა შეცდომით იყო ჩართული. გოგსაძის თქმით, ტექნიკური შეცდომა მოუვიდა პროდიუსერს, ამის შესახებ განმარტებას ის თავად გააკეთებს ეკა კვესიტაძის გადაცემაში.

ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს პარტიული სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ კი თქვა: „ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი როა. ახლა ზარებმა დარეკეს, რომ ბუბაო, რატომ იმღერე ორი კუპლეტი რუსულადო, „თბილისო“? მე ვუთხარი, გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“.

რამდენიმე საათში ბუბა კიკაბიძემ „მთავარი არხის" ეთერში ილაპარაკა ტექნიკური შეცდომის შესახებ. „უკრაინაში რომ მივდივარ იქ ვმღერივარ რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია რომ ტექნიკურად უცებ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად, მაგრამ კაცი როცა სიმღერას უსმენს უნდა ტექსტს დაუგდოს ყური...ესეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს. 25-მა კაცმა დამირეკა მოსკოვიდან, რომ ძლივს არ გავიგეთ რაზე გამოხვედი სცენაზეო. არ შეიძლება ესე. ნუ ნერვიულობენ. მე რაც ომი დაიწყო 5-დღიანი, არცერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ და არ მიმღერია, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა", - აღნიშნა ბუბა კიკაბიძემ.

მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს ოკუპანტს უწოდებს. ის ამბობს, რომ უარი თქვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჯილდოზე, ღირსების ორდენზე. რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია"-მ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG