Accessibility links

საიას ანგარიში: ოქტომბერში 15-მდე შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც საარჩევნო გარემოს აზიანებს


არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ შემთხვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც, მათი შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს. ასეთი ჯამში 15-მდე შემთხვევა იყო.

საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

  • სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა;
  • ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა;
  • ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების, როგორც სავარაუდო, ისე დადასტურებული, 8 შემთხვევა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის 2 შემთხვევა.

"წინა თვეების მსგავსად, გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ასევე, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. ეს შლის ზღვარს პარტიასა და სახელმწიფოს შორის", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათი შეფასებით, უმრავლესობამ ოქტომბერში ადმინისტრაციული რესურსიც გამოიყენა. ანგარიშში მოხვდა ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევები. მაგალითად მოყვანილია შიდა და ქვემო ქართლი - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ ბოლნისსა და გარდაბანში. ორგანიზაციის შეფასებით, გარდაბანში სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის შემთხვევაც გამოვლინდა. ანგარიშში მოხვდა ახალუბანში "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება.

"ყველა ეს შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია მათი ყოველმხრივი, დროული, მიუკერძოებელი გამოძიება", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში საჯარო მოხელეებზე აგიტატორების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტები გამოავლინა. საია მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულიც.

გარდა ამისა, დამკვირვებლებმა გამოავლინეს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები. პირველ შემთხვევაში საუბარია თბილისის საკრებულოს წევრისა და "ქართული ოცნების" კანდიდატის მხრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ტექნიკისა და საკვების გადაცემაზე, მეორე უკვე "თავისუფალი საქართველოს" წევრების მხრიდან მედიკამენტების დარიგებას ეხება.

"საანგარიშო პერიოდს მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის ფაქტები", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში და იქვე აღნიშნულია გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებელის" 100 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG