Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია-კლუბი: მოხელეები მმართველი პარტიის მხარდამჭერ პოსტებს სამუშაო საათების დაწყებამდე 1-2 წუთით ადრე აქვეყნებენ


\
\

საქართველოს მედია-კლუბის შუალედური ანგარიშის თანახმად, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები კვლავ კანონდარღვევით ეწევიან მმართველი პარტიის აგიტაციას.

მედია-კლუბი თვითმმართველობებში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება. ორგანიზაციის ცნობით, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია.

„საქართველოს მედია-კლუბის“ ინფორმაციით, ამგვარი ფაქტები გამოვლინდა ხულოს, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ვანის, ტყიბულის, თერჯოლის, სამტრედიის, ხარაგაულის, ამბროლაურის, ონისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კანონდამრღვევ საჯარო მოხელეთა რაოდენობა გაცილებით მეტია:

„ვინაიდან ჩვენთვის არ არის ცნობილი მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა სრული სია, ორგანიზაციამ შეძლო მხოლოდ იმ ადგილობრივ საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა ფეისბუქის პირადი გვერდების მონიტორინგი, რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა. ამიტომაც, ანგარიშში ასახული დარღვევების რაოდენობა, დიდი ალბათობით, სრულად არ ასახავს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების მხრიდან კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად ფეისბუქის გვერდების გამოყენების ფაქტების რაოდენობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საქართველოს მედია-კლუბი“, ასევე, აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურად იცავს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის მოხელეები ფეისბუკის პირად გვერდზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ ინფორმაციას სამუშაო საათების დაწყებამდე 1-2 წუთით ადრე, ან პირიქით - დასრულებიდან 1-2 წუთის შემდეგ აზიარებენ: „ამით, ერთი მხრივ, ფორმალურად იცავენ „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნას, თუმცა, არსობრივად არაფერი იცვლება“, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

საქართველოს მედია-კლუბის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 1-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებულ დარღვევებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG