Accessibility links

DRI: წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციები და სასულიერო პირები მონაწილეობენ


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მონიტორინგის შედეგების თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციები და კონკრეტული სასულიერო პირები არიან ჩართულნი.

რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას DRI 2020 წლის 15 ოქტომბრიდან აკვირდება, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონიტორინგის შედეგები 15 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებსაც ეყრდნობა.

დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ, ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებელი ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ. მეორე მხრივ კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან როგორც პირდაპირ მოწოდებებს საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ (ან საწინააღმდეგოდ), ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია:

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობას. შეზღუდვა არ ვრცელდება სასულიერო პირებზე. თუმცა, რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტიდან გამომდინარე, სასულიერო პირის მიერ გაწეულმა აგიტაციამ, შესაძლოა ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე ზეგავლენა იქონიოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

29 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტია „ქართული იდეის“ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც.

ორგანიზაციის დაკვირვებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედიასაშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციის არანაკლებ რვა შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG