Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გრიპის ვაქცინის მორიგი დოზა შემოვიდა


გრიპის ვაქცინის 77 ათასი დოზა შემოვიდა საქართველოში წუხელ, რომელიც უკვე დარიგებულია თბილისში, მინდინარეობს რეგიონებში განაწილება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, განრიგით, კიდევ 110 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს 1 ნოემბერს.

„წინაზე შემოტანილი 25 ათასი დოზიდან, 13 ათასი იყო ათვისებული რისკჯგუფებზე, რომლებსაც ჩვენ მოვუწოდეთ - ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსიანები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფები და ა.შ. და დღეიდან გაფართოვდება და განსაკუთრებით ფართო რისკჯგუფების [აცრა] დაიწყება დღეიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ რიკსჯგუფებს განეკუთვნებიან: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტის მქონე პაციენტები, მათ შორის, ბავშვები და ზრდასრულები, ასევე 65 წელს ზემოთ პირები, ვისაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. ასევე შესაბამისი დოზაა გამოყოფილი სამხედრო მოსამსახურეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე.

„პოლიკლინიკებს, რომლებსაც აქვთ ამცრელი კაბინეტები, ყველგან შეუძლიათ მივიდნენ ადამიანებს, ჩემს მიერ ჩამოთვლილ რისკჯგუფებს და აიცრან, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, გრიპის ვაქცინის დამატებით 23 ათასი დოზა ნოემბრის შუა რიცხვებში შემოვა საქართველოში. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კერძო სექტორი გეგმავს დაახლოებით 40 ათასი დოზის შემოტანას.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე ირკვევა, რომ ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა გრიპის საწინააღმდეგო აცრა კარგი პრევენცია იქნება, როდესაც კოვიდისა და გრიპის ზედდება იქნება მოსალოდნელი - ნოემბრის მეორე ნახევრიდან და ზამთრის სეზონზე, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG