Accessibility links

site logo site logo

კობახიძე ჟურნალისტის მოსმენაზე: ინფორმაციის გამტანი ეძებონ იმ სამ კაცში, რომლებიც ძალიან ახლობლებად მიაჩნიათ


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს ბესო ქათამაძეს ურჩევს, საუბრის დროს ტელეფონი ყურთან მიიდონ და ინფორმაციის გამტანი იმ სამ ადამიანს შორის ეძებონ, რომლებიც მათ ძალიან ახლობლებად მიაჩნიათ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ასეთი განმარტება ირაკლი კობახიძემ გააკეთა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რით დაარწმუნებს იგი საზოგადოებას, რომ ნატო გოგელიასა და ბესო ქათამაძეს შორის სატელეფონო საუბარს უკანონოდ არ უსმენდნენ.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ამ საუბრის შინაარსზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მათ პრაქტიკულად აღიარეს ის, რაზეც თავადაც ლაპარაკობდა:

„ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს კომუნიკაცია სიტყვასიტყვით აღიარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე თუ შეეცდებოდნენ, მე არ მეგონა, თუმცა წამოსცდათ, რომ მათ აღიარეს ფაქტობრივად ის საუბარი თავისი დეტალური შინაარსით, რომელიც გაიმართა მათ შორის... სად იგეგმებოდა არეულობა, ეს იკითხა იმისათვის, რომ მხარდაჭერა ჰქონოდათ მათ და ამაზე პასუხი მიიღო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"TV პირველის" ჟურნალისტი, ნატო გოგელია ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს. ჟურნალისტმა ხელისუფლების მიმართ ბრალდება მას მერე გააჟღერა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ განიხილებიან.

"მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG