Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის გარშემო


ჟენევაში 30 ოქტომბერს იმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი რანგის დიპლომატების შეხვედრა საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამი წარუმატებელი შეთანხმების შემდეგ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა პირველი შეხვედრა გამართა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, სანამ აზერბაიჯანელი კოლეგა, ჩეიჰუნ ბაირამოვი, ცალკე ხვდებოდა საერთაშორისო დიპლომატებს.

თავდაპირველად არ იყო ცხადი, შედგებოდა თუ არა ბაირამოვისა და მნაცაკანიანის პირისპირ შეხვედრა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, რომ მოგვიანებით, შუა ევროპის დროით 14 საათისთვის მათი შეხვედრა დაიწყო. ამის თაობაზე თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა.

მოლაპარაკება ჟენევაში უნდა გამართულიყო ერთი დღით ადრე, მაგრამ მთიან ყარაბაღში ცხარე ბრძოლების გამო შეხვედრები ერთი დღის დაგვიანებით დაიწყო.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით 1990-იანი წლების ომის შემდეგ აზერბაიჯანის არმიასთან, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონსა და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებების განმავლობაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG