Accessibility links

მაჰმადიანურ ქვეყნებში ანტიფრანგული გამოსვლები გაიმართა


საფრანგეთიდან, სადაც 29 ოქტომბრის შემდეგ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, ბოლო თვეში გაასახლეს 14 რადიკალურად განწყობილი უცხოელი. მაჰმადიანურ ქვეყნებში ამის ფონზე ანტიფრანგული გამოსვლები გაიმართა.

რადიოსადგურ RTL-თან საუბრისას, ჟერალდ დარმანენმა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ ახლო მომავალში დეპორტაცია მოელის კიდევ 18 პირს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ოთხი ათასამდე უცხოელი, რომლებიც რადიკალური იდეების გავრცელებაში არიან შემჩნეული. მათგან 200-ს გასახლება მოელის.

დარმანენის თანახმად, ტუნისელი, რომელმაც სამი პირი მოკლა 29 ოქტომბერს ნიცაში, არ ყოფილა ფრანგული თუ ევროპული სამსახურების მიერ შემჩნეული და არ მოუთხოვია ლტოლვილის სტატუსი. AFP-ის ცნობით, ის იტალიაში ჩავიდა საზღვაო გზით სექტემბრის ბოლოს. ოქტომბერში დაატოვებინეს ქვეყანა და საფრანგეთში გადასახლდა.

29 ოქტომბერს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ავინიონში, სადაც ჯერ დაუდგენელი პირი დანით ემუქრებოდა პოლიციელებს და გამვლელებს. ის დაკავების დროს მოკლეს.

ნიცისა და ავინიონის თავდასხმები მოხდა ორ კვირაში მას მერე, რაც პარიზში მოკლეს მასწავლებელი სამუელ პატი, რომელიც გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლების თემას განიხილავდა და მოსწავლეებს მოჰამედის კარიკატურა უჩვენა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის თქმით, მან დასაჯა პედაგოგი წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის გამო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავდასხმას უწოდა „ისლამისტური ტერაქტი“ და გამოვიდა მოწოდებით, დაიცვან რადიკალური ისლამისგან საფრანგეთის საერო ფასეულობები. მაკრონის განცხადებებს აღშფოთება მოჰყვა მაჰმადიანთა გარკვეულ ჯგფებში.

ზოგიერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები. ბანგლადეშში გამართული გამოსვლის მონაწილეებმა მაკრონს „მსოფლიოს უდიდესი ტერორისტი“ უწოდეს. დაკას ქუჩებში გასულები გაიძახოდნენ მოწოდებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ფრანგულ პროდუქტებს. როიტერსის ცნობით, პაკისტანში, ისლამაბადში ათასობით დემონსტრანტი დაიძრა საფრანგეთის საელჩოსკენ და მათმა ნაწილმა პოლიციის ზღუდის გარღვევა სცადა. პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზით შეაჩერა. ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პოლიციამ ბეირუთშიც, სადაც რამდენიმე ასეული დემონსტრანტი მეჩეთიდან საფრანგეთის ელჩის რეზიდენციისკენ გაემართა.

ათასობით პალესტინელი შეიკრიბა აქციაზე იერუსალიმში, რათა დაეგმოთ საფრანგეთში მუჰამედის კარიკატურის საჯაროდ ჩვენება. პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლა შედგა ღაზის სექტორშიც.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა მიმართა მაჰამადიანურ ქვეყნებს, როცა ეროვნულ კრებაში გამოდიოდა: "მინდა მშვიდობის გზავნილით მოგმართოთ, რათა გითხრათ, რომ საფრანგეთი არაა სიძულვილის და მტრობის ქვეყანა, ეს ტოლერანტობის ქვეყანაა", თქვა ლე დროიანმა და ხაზი გაუსვა, რომ "მაჰმადიანური კულტურა ფრანგული და ევროპული ისტორიის ნაწილია, რომელსაც ფრანგი ერი პატივს სცემს, ამიტომ ნუ მოუსმენთ მათ, ვინც უნდობლობას გვახვევს თავს", მოჰყავს მინისტრის სიტყვები "საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG