Accessibility links

ზურაბიშვილი: ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისათვის, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ


„ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა“, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე დააფიქსირა.

პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რადგან დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად ყველას მინდა მოვუწოდო, ძალიან მშვიდად მოვიდეს, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ მობრძანება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. დაიცავით დისტანცია თქვენ თვითონაც, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რიგები დაიცვათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG