Accessibility links

თავდაცვის მინისტრმა ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას


„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და შვილებისთვის. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვიცით რა ომების მძიმე ფასი, გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა ეტაპზეა გადასული, იმაზე ძლიერია ვიდრე 4 ან 8 წლის წინ. მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი კამპანია იყო ზოგადად ქვეყანაში წარმართული ჩვენი ოპონენტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საარჩევნო ფონი გაუარესებულიყო, დამკვიდრებულიყო არასწორი განცდები. მათი ეს მცდელობა მიღწეული ვერ იქნა და ვერ იქნება მიღწეული ის პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან ეს პერიოდი გვესმოდა. სახელმწიფო დღეს ძლიერია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მომავალი კიდევ უფრო ძლიერი იყოს“.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG