Accessibility links

site logo site logo

უსუფაშვილს სჯერა, რომ დღევანდელი დღე სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი იქნება


„ლელოს“ ღრმად გვჯერა, რომ ეს დღე იქნება ქვეყანაში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილების დასაწყისი“, - აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი.

პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა. უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას.

„ჩვენი საარჩევნო კამპანია დასრულდა, ახლა უკვე სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, ამომრჩევლებმა და დარწმუნებული ვართ, ეს იქნება ძალიან მყარი სიტყვა, გადაწყვეტილება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღის განმავლობაში „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვექნება და შევეცდებით ჩვენი დაკვირვებების შესახებ მოგახსენოთ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. მინდა, რომ ყველას და პირველ რიგში ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციით იმართება და კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ პროცესში თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებით მონაწილეობენ“.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG