Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის ელჩის განცხადებით, არჩევნებზე ძალადობის და დაშინების ადგილი არ არის


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა. როგორც ელჩი აცხადებს, საარჩევნო პროცესს საელჩოს 75 თანამშრომელი აკვირდება.

კელი დეგნანმა ამომრჩეველს ქართულად მიმართა და მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე მივიდნენ.

„დღეს მე ვიყავი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მათ გააკეთეს ყველაფერი, მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ის მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც შეასრულა ცესკომ. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა უბნებზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს და მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა”.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG