Accessibility links

logo-print logo-print

შსს: 10 საათისთვის დაფიქსირებულია მცირე ინციდენტები, ერთ საქმეზე დაიწყო გამოძიება


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, 10 საათის მდგომარეობით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირდა მცირე ინციდენტები, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე, არ ფიქსირდება.

ცაციაშვილის თქმით, შსს-მ გამოძიება დაიწყო ერთ საქმეზე.

„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დაიწყო, ეს არის ზვიად კუპრავას [ნაციონალური მოძრაობის წევრი] მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ინიციატორი თავად ზვიად კუპრავაა და რამდენიმე წუთის წინ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“.

უწყების ცნობითვე, რამდენიმე უბანზე, მათ შორის, მარნეულში, მობილიზებულია პოლიცია, სადაც გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა და დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გააცნობს საზოგადოებას.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG