Accessibility links

logo-print logo-print

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ არჩევნების დღე ამინდის მსგავსად სასიამოვნოდ ჩაივლის


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების დღე, დღევანდელი ამინდის მსგავსად სასიამოვნოდ ჩაივლის: „არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი, იმედია, არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება“.

კარლ ჰარცელი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა. მისი თქმით, დღის განმავლობაში ის დიდ სამუშაოს გასწევს, რათა იხილოს, როგორ ჩაივლის საარჩევნო პროცესი:

„ეს არის მომენტი, რომელიც ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია - ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, თუ ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საარჩევნო უბანზე შესვლა საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია... მიხარია, რომ აქ ვარ, ეს არაჩვეულებრივი მომენტია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის ნახვითაც, რამდენი ადამიანია ხმის მისაცემად მოსული ამ საარჩევნო უბანზე. დღის განმავლობაში სხვა საარჩევნო უბნებსაც ვეწვევი, მექნება შეხვედრები მნიშვნელოვან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც ცესკოსთან და ეუთო/ODIHR-თან. ასე რომ, საინტერესო იქნება, იმედიანად ვართ, რომ იქნება შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევნები უსაფრთხოდ დააფიქსიროს, ყველანაირი რისკის გარეშე, - კოვიდ სიტუაციას ვგულისხმობ“.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო გუნდი მუშაობს:

„ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საერთო ძალისხმევას დავუჭიროთ მხარი, განსაკუთრებით, დავეხმაროთ ეუთო/ODIHR-ის მისიას, რათა მან რაც შეიძლება, მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაციის თავმოყრა მოახერხოს. ხვალ კი უკვე შეფასებები გაკეთდება, პირველ რიგში, სწორედ ODIHR-ის მისიის მიერ, მაგრამ ასევე, სხვების მხრიდანაც“.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG